კოშკი, გეგმით მართკუთხა, მრავალკუთხა ან წრიული ფორმის ნაგებობა, რომლის სიმაღლე ბევრად დიდია მის ჰორიზონტალურ ზომებზე (დიამეტრზე, ფუძის გვერდზე და სხვა). კოშკი აღმართულია განცალკევებით, ან წარმოადგენს შენობის ნაწილს. თავდაპირველად თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა, შემდეგ იყენებდნენ როგორც არქიტექტურულ ელემენტს (სამრეკლო, მინარეთი, რატუშის საათიანი კოშკი, შუქურა), საინფორმაციო ნაგებობას (წყალსაწნევი კოშკი, რადიო- და ტელეანძები), აგრეთვე კოსმოსურ ტექნიკაში (ე. წ. მომსახურების კოშკი).
კომპოზიციურად კოშკი ხშირად წარმოადგენდა ქალაქის ხუროთმოძღვრულ დომინანტს. ცნობილია „დახრილი კოშკი“ პიზაში (1174-1372, სიმაღლე 56 მ), კოშკი კამპანილე პიაცა დი სან-მარკოზე ვენეციაში (888-1517, დაინგრა 1902, აღადგინეს 1912, სიმაღლე 100 მ), მოსკოვის კრემლის კოშკები (XV-XVII სს.), ეიფელის კოშკი (1889, სიმაღლე დაახლოებით 300 მ, ინჟინერი ა. ეიფელი, პარიზი). თანამედროვე კოშკებს აგებენ ფოლადის, ხის, რკინაბეტონისა და ქვისაგან მეტეოროლოგიური დატვირთვის (ქარი, ტემპერატურა, შემოყინვა) გათვალისწინებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий